პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე პარლამენტს მოუწოდებს, მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის მიღება და განხილვა ისე უზრუნველყოს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით დადგენილი ვადებისა და პროცედურების სრულყოფილად გამოყენების საშუალება მიეცეს.
პარლამენტის ბიუროს დღვანდელ სხდომაზე კვერენჩხილაძემ განაცხადა, რომ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია და ის საჯარო განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა.
„პარლამენტისა და პრეზიდენტის ინსტიტუციების კოლეგიალური და ეფექტური თანამშრომლობის საჭიროებიდან გამომდინარე, სასურველად მიგვაჩნია, თხოვნით მოგმართოთ, რომ ამ კანონპროექტის განხილვა და მიღება იმგვარად განხორციელდეს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით დადგენილი ვადების და პროცედურების სრულყოფილად გამოყენების საშუალება მიეცეს“, - დასძენს კვერენჩხილაძე.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით, სისხლის სამართლის გარკვეულ დანაშაულებზე მოწმეთა დაკითხვის ძველი წესი ნარჩუნდება, რომელიც ჩვენების მისაცემად მოწმის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას გულისხმობს.
პროექტით, 2017 წლის 31 დეკემბრამდე, ასეთი წესით მოწმეებს ისეთ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკითხავენ, რომელიც ეხება: - განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, თვითმკვლელობამდე მიყვანას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ოჯახში ძალადობას, ძარცვას, ყაჩაღობას, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, შეთქმულებას ან ამბოხს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებს და სხვა.
მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, ყველა ამ დანაშაულთან დაკავშირებით მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ორი წლით - 2017 წლის 31 დეკემბრამდე გადავადება ხდება.