რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ზავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 46-ე პლენარული სესია ოფიციალურად გაიხსნა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დეპუტატებს მისასალმებელი სიტყვით რუმინეთის სენატის თავმჯდომარემ, კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუმ მიმართა.
PABSEC-ის პლენარულ სესიის საერთო დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს დელეგაციის წევრმა დავით ბერძენიშვილმა ქვეყნის მგრადი განვითარების გზაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოების პროცესსა და მასში საქართველოს პარლამენტის როლის შესახებაც ისაუბრა.
„27 ოქტომბერს, მექსიკაში „ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალური სამიტის ფარგლებში გამართულ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე, „ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდოს" გამარჯვებულად OGP-ის წევრ 65 ქვეყანას შორის საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი დასახელდა, რაც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველოს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია,"-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
გენერალური ასამბლეის სხდომაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულმა საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა და PABSEC-ის აბრეშუმის გზის პროექტებში სპეციალურმა წარმომაგენელმა დავით საგანელიძემ ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
დღესვე PABSEC-ის ასამბლეამ მსოფლიოში საერთაშორისო ტერორიზმის ესკალაციასთან დაკავშირებით საერთო დეკლარაცია მიიღო, პლენარული სესიის მონაწილეებმა ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
PABSEC-ის 46-ე პლენარული სხდომა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, 12 წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.
ასამბლეაზე საქართველოს მუდმივმოქმედ დელეგაციას დავით ბერძენიშვილთან ერთად საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი წარმოადგენს.