„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერ ირმა ინაშვილსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს შორის გამართულ შეხვედრაზე შიმშილობის აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
დაახლოებით საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში კობახიძემ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ შიმშილობას შეწყვეტს.
თავის მხრივ, ინაშვილმა აღნიშნა, რომ შიმშილობის აქცია შეწყდება, მაგრამ თუკი მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, შიმშილობის აქცია გაზაფხულიდან განახლდება.
მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნა ქვეყანაში საარჩევნო გარემოს შეცვლას უკავშირდება.
„მოლოდინი გვაქვს, რომ ხელისუფლება საგარეჯოს არჩევნების მაგალითს აღარ გაიმეორებს და 2016 წლის არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც შიმშილობას და ვერც საპროტესტო აქციებს ვერ აღვკვეთავთ“, - განაცხადა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მთავრობის კანცელარიის წინ, შიმშილობის აქციას რამდენიმე დღის განმავლობაში მართავდნენ. ისინი საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა. „პატრიოტთა ალიანსმა“ პოსტებიდან თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების - თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის გადადგომაც მოითხოვა.