„ჩვენ შეგვიძლია გამოცდილება გავუზიაროთ სან-მარინოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში“- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სან მარინოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით კოლეგასთან შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან თანამშრომლობას, „ასოცირების შესახებ შეთანხმებას“ და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს.
„ძირითადი ყურადღება დავუთმეთ ევროკავშირთან თანამშრომლობას, კერძოდ, „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერას. მოგეხსენებათ, სან-მარინოს რესპუბლიკაც გეგმავს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ევროკავშირთან. ჩვენ შეგვიძლია გამოცდილება გავუზიაროთ სან-მარინოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში.“-აღნიშნა მინისტრმა
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის და ფინანსურ სფეროებში ურთიერთობების განვითარებას.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა პასკუალე ვალენტინის საქართველოში ვიზიტისთვის და სამომავლოდ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურების იმედი გამოთქვა.
საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრი 2015 წლის 20 ნოემბერს ეწვია.
პასკუალე ვალენტინი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან.
ვიზიტის ფარგლებში, სან-მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებს მოინახულებს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.