საზოგადოება ,,ივერიელის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ რუსეთის მიზანი სირიაში არა კრიზისის მოგვარება, არამედ საკუთარი მნიშვნელობისა და გავლენის გაზრდაა მსოფლიოში. მისი თქმით, ამაში რუსეთს ძალიან წინდაუხედავად დასავლეთიც ხელს უწყობს
ნიკა რურუას შეფასებით, პუტინმა გაზარდა შანსი მისი მოკავშირე, მარინ ლეპენის საფრანგეთის ხელისუფლებაში მოსვლისა, რაც პუტინს NATO-სა და ევროკავშირის დასაუძლურებლად სჭირდება.
,,პუტინმა მისივე შექმნილი პრობლემის მთავარი “მომგვარებლის” როლი სიამოვნებით მოირგო: როგორც ასადის მთავარმა მოკავშირემ, ასადისა, ვის კისერზეცაა ISIS-ის შექმნა საკუთარი ოპოზიციის გასანადგურებლად, დღეს თავისუფალი სამყარო დაარწმუნა რომ რუსეთის ჩარევის გარეშე სირიის ჯოჯოხეთური კრიზისი ვერ მოგვარდება.
რა თქმა უნდა, რუსეთის მიზანი სირიაში არა კრიზისის მოგვარება, არამედ საკუთარი მნიშვნელობისა და გავლენის გაზრდაა მსოფლიოში, რაშიც მას, შეგნებულად თუ შეუგნებლად, და ძალიან წინდაუხედავად დღეს დასავლეთიც ხელს უწყობს,
პუტინმა თავისუფალი სამყაროსაგან სირიაში შესვლის “ნებართვა” მოიპოვა, რაც მას ისევ “ლეგიტიმურ” მოთამაშედ აქცევს დანარჩენი მსოფლიოს თვალში, მიუხედავად იმისა, რომ მის ინტერესში არანარირად არაა იმ სიტუაციის მოგვარება, რომლის განმავლობაშიც მისი გავლენა მხოლოდ იზრდება.
ამასთანავე, პარიზის ტერაქტების შედეგად, პუტინმა გაზარდა შანსი მისი მოკავშირე, მარინ ლეპენის საფრანგეთის ხელისუფლებაში მოსვლისა, რაც პუტინს NATO-სა და ევროკავშირის დასაუძლურებლად სჭირდება.
ძალიან სახიფათოა, თუ ამას ევროპასა და ა.შ.შ.-ში სათანადოდ არ აქცევენ ყურადღებას, ან თუ მათ მიაჩნიათ, რომ პუტინმა უცებ გადაწყვიტა “გამოსწორება” და ისტორიის მართალ მხარეს დადგომა.
ახლო მომავალი გვიჩვენებს, რამდენად მართებულია აქ გამოთქმული შეშფოთება.
P.S. რა მართალი იყო ნიკოლო მაკიაველი, როცა ამბობდა, რომ “საჭიროა კარგმა მმართველმა იცოდეს ცუდად მოქცევაც, იმისათვის რომ მან კეთილის ბოროტისაგან დაცვა შეძლოს, ბოროტის ბუნების კარგი გაგებით.” მრჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლელ ლიდერებს ჯერ კიდევ არ ესმით, თუ ვისთან აქვთ საქმე პუტინის სახით. მათთვის, როგორც წესების დაცვის მოთამაშეთათვის, რთული წარმოსადგენია ნაძირლობის იმ სიღრმეების არსებობაც კი, სადაც პუტინი კომფორტულად ნავარდობს, როგორც საკუთარ ბუნებრივ გარემოში“ - წერს ნიკა რურუა.