"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პოლიტიკაში მიდის. „ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, გიგაურთან კონსულტაციებს ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი“ აწარმოებს.
არსებული შეთანხმების მიხედვით, ეკა გიგაური „გირჩის“ საარჩევნო სიის ხუთეულში იქნება.
სააგენტოს ინფორმაციით, მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებულია. როდის დატოვებს გიგაური "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" და დაიწყებს პოლიტიკურ საქმიანობას ეს დამოკიდებულია ტექნიკურ დეტალებზე. სავარაუდოდ, გიგაური „გირჩს“ აქტიურად მომავალი წლის დასაწყისიდან შეუერთდება.
„ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, მმართველი პარტია „ქართული ოცნებაც“ აწარმოებს მოლაპარაკებებს ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებთან.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, რომლებიც მოლაპარაკებებს ცალკეულ პირებთან აწარმოებენ, არასამთავრობოების ლიდერებისგან პასუხის ბოლო ვადად 1-ელ თებერვლამდე პერიოდი დაუთქვეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს ყოფილი პრემიერ- მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკრიტიკებული არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებთანაც.
შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინა განაცხადა, რომ არასამთავრობოთა დიდი ნაწილი სამოქალაქო საზოგადოებას აბინძურებს. ივანიშვილმა ამ კონტესტში ხაზი გაუსვა ეკა გიგაურის პიროვნებას და აღნიშნა, რომ იგი ნაციონალური მოძრაობის გაგრძელებაა.
"არასამთავრობოთა დიდი ნაწილი, გიგაურის ხელმძღვანელობით, რომელიც არასამთავრობოთ წარმოგვიდგა და როგორც იქნა, ახლა პოლიტიკაში თავის რეალურ სახეს გვაჩვენებს, "ნაციონალური მოძრაობის" გაგრძელებაა. საუბედუროდ, ისინი ძალიან აბინძურებენ სამოქალაქო საზოგადოებას. კარგი იქნება, დანარჩენი ნაწილიც, სამოქალაქო საზოგადოებას რომ უწოდებს თავის თავს და რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" სტრუქტურის ნაწილი არიან, თუ თავადაც დაარქმევენ თავის თავს სახელს, როგორც გიგაურმა როგორც იქნა გადაწყვიტა", - განაცხადა ივანიშვილმა.