ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს პრობლემა გადააბრალონ ოპოზიციას, არის უბრალოდ ტრაგიკომიკური და ღირსეულ ადგილს დაიკავებს გადაბრალებების და ტყუილების იმ გრძელ ჯაჭვში, რომლითაც ეს ხელისუფლება კვებავს ჩვენს მოსახლეობას , აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.
"ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უსწრაფეს გადაწყვეტილებას ვიზა ლიბერალიზაციაზე, ვინაიდან ეს ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა ღარიბაშვილის მთავრობას. მაგრამ უნდა გვესმოდეს, დღეს ვიზა ლიბერალიზაციას ემუქრება ერთადერთი რეალური საფრთხე და ეს საფრთხე მთავრობის ქმედებებია ქვეყნის შიგნით და მთავრობის მცდელობა, ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2. ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს პრობლემა გადააბრალონ ოპოზიციას, არის უბრალოდ ტრაგიკომიკური და ღირსეულ ადგილს დაიკავებს გადაბრალებების და ტყუილების იმ გრძელ ჯაჭვში, რომლითაც ეს ხელისუფლება კვებავს ჩვენს მოსახლეობას მეოთხე წელია, ნაცვლად გაკეთებული საქმისა და შესრულებული დაპირებებისა", - აცხადებს დავით ბაქრაძე.
შეგახსენებთ, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიუსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ითხოვდნენ - საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა.
"ერთდერთი ვინც ბრიუსელში, ევროკავშირში, ასევე ევროპარლამენტში ითხოვდა, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა, ეს არის ნაც მოძრაობის ერთ-ერთი წევრი დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი. ჩემს მინისტრებს დაუდასტურეს, რომ გაოცებულები ვართო. მათ პირდაპირ უთხრეს, რომ კი მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქეები, მათ უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი სქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ამას რა უნდა დავარქვა, თუ არა მტრობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის",- განაცხადა ღარიბაშვილმა.