კარასინი-აბაშიძის მორიგი შეხვედრა პრაღაში ხვალ გაიმართება. მხარეები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ჰუმანიტარული სახის პრობლემებზე იმსჯელებენ. შეხვედრაზე განიხილავენ საქართველოს მოქალაქეების საკითხსაც, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს იხდიან. აბაშიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ განცხადებები გაკეთდა და ქართული მხარე ამ შემოთავაზებებს გაეცნობა. პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად ქართულ დელეგაციაში ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იქნებიან.