საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადბს, რომ პრემიერის საქართველოში დაბრუნებისთანავე, უსაფრთხოების მიმართულებით შექმნილ ვითარებაზე, სამთავრობო სხდომის ფორმატში იმსჯელონ.
მისი თქმით, სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირებები იმ ფორმატშია გადასული, რომ ექსპერტები მესამე მსოფლიო ომზეც კი საუბრობენ. თუმცა, ვოლსკი იმედოვნებს, რომ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოს მიღწევებს, ეს ვითარება ხელს არ შეუშლის.
"ნათელია, რომ მსოფლიოში შექმნილია საგანგებო ვითარება. ტერორისტული აქტები ინტენსივობას არა თუ კარგავს, არამედ პირიქით, ასეთი შემთხვევები კიდევ უფრო იზრდება. სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირებები იმ ფორმატშია გადასული, რომ ზოგიერთი ექსპერტი, დაუფიქრებლად, მესამე მსოფლიო ომის მასშტაბს ადარებს. ვფიქრობ, საგანგებო შეკრებები, განხილვები, თათბირები როგორც შესაბამის უწყებებში, ასევე სამთავრობო დონეზე დაიწყება, როგორც კი პრემიერ-მინისტრი საქართველოში დაბრუნდება. ვფიქრობ, საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე არის გარკვეული პოზიტიური წინსვლა, რასაც ხელი იმ ვითარებამ არ უნდა შეუშალოს, რაც მსოფლიოში შეიქმნა", - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა გია ვოლსკიმ.