რეგიონში საქართველოს მოწინავე პოზიცია აქვს ქალთა უფლებების გაძლიერების თვალსაზრისით. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შესახებ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ვაშინგტონი და თბილისი ავრცელებენ.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა ასევე აღიარა საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა ისეთი ინკლუზიური საზოგადოების შექმნის მიმართულებით, სადაც დაცულია ყველა ადამიანის, მათ შორის, უმცირესობათა წარმომადგენლების უფლება, რეგიონში საქართველოს მოწინავე პოზიცია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, და მისი ძალისხმევა ებრძოლოს ადამიანებით უკანონო ვაჭრობას.
საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შედიოდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე თანა-თავმჯდომარეობდნენ. აშშ-ის დელეგაციას კი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ჯონათან კაცი და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეგიონული ხელმძღვანელი კეთრინ ნიუკომბი ხელმძღვანელობდნენ. აშშ-ს დელეგაციაში ფართოდ იყვნენ წარმოდგენილნი სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.