"რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და ხელს უწყობს საქართველოს თავისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების მიღწევაში"- ამის შესახებ ნათქვამია ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, განცხადებაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დადებითად შეფასა საქართველო სასამართლო სისტემაში, გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და იმედი გამოთქვა, რომ ეს ძალისხმევა გაგრძელდება და უფრო ღრმად და ფართოდ აისახება როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოიწონა საქართველოს განზრახვა წინა სასამართლო პრობაციის სამსახურის შექმნის შესახებ და მოელის, რომ ეს განზრახვა სწრაფად განხორციელდება. ორივე მხარემ აღნიშნა საქართველოს წარმატებები სამართალდამცავი და უშიშროების სამსახურების, ადმინისტრაციული და წინასწარი პატიმრობის და სასჯელაღსრულებითი სისტემის რეფორმებში. მხარეებმა დაადასტურეს, რომ ზემოაღნიშნული და სხვა რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და ხელს უწყობს საქართველოს თავისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების მიღწევაში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს აღუთქვა რომ გააგრძელებს აღნიშნული მიზნების მიღწევაში მის მხარდაჭერასა და დახმარებას.
საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შედიოდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე თანა-თავმჯდომარეობდნენ. დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო შეხვედრა ვაშინგტონში 12 ნოემბერს გაიმართა.