საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, საფრანგეთზე შეტევა ასევე, ნიშნავს დასავლეთზე და იმ ღირებულებებზე შეტევას, რომლებიც მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.
იან კელის თქმით, საფრანგეთში განვითარებულმა მოვლენებმა 11 სექტემბრის ტერაქტი გაახსენა.
„როდესაც გავიღვიძე გუშინ და დავხედე ჩემს ტელეფონს, ვნახე ათობით მესიჯი. შეგრძნება ისეთი მქონდა, დაახლოებით, როგორიც მქონდა 2001 წლის 11 სექტემბერს, რაც იყო გამოწვეული უდანაშაულო ადამიანების მასობრივი სიკვდილით.
რაც შეიძლება გაკეთდეს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სოლიდარობით საფრანგეთთან, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და ტრადიციული მოკავშირე. ეს შეტევა არ გახლავთ მხოლოდ პარიზზე, ეს არის შეტევა დასავლეთზე და იმ ღირებულებებზე, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, მათ შორის საქართველოსთვის“, - განაცხადა იან კელიმ.
პარიზში 13 ნოემბრის ღამეს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შედეგად, 129 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა - 352, რომელთაგანაც 99 პირის მდგომარეობა კრიტიკულია.