საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკ კოლეგას რობერტ ფიცოს შეხვდა.
პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს და სლოვაკეთის მთავრობის მეთაურებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც შეხვედრის შედეგები შეაჯამეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სლოვაკ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრა.
„მე პირველად ვარ თქვენს მშვენიერ ქვეყანაში, აღფრთოვანებული ვარ სლოვაკეთის სილამაზით. პრემიერისგან გავიგე, რომ იგი 1979 წელს საქართველოს, სოხუმს სტუმრობდა. საქართველო-სლოვაკეთს ბევრი საერთო გააჩნია, რაც გვაკავშირებს და გვამეგობრებს. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ გვაქვს თანამშრომლობის გაღრმავების საშუალება და არ არსებობს არანაირი დაბრკოლება ამ ურთიერთობის განვითარებისთვის. ჩვენ, ქართველები აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისვე თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი ქართველი ხალხის არჩევანია.
„ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ პატივი სცეს ხალხის არჩევანს და განვახორციელოთ იგი. მზად ვართ გავიაროთ ის გზა, რომელსაც ევროპისკენ მივყავართ“, - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ვიზების ლიბერალიზაცია ევროინტეგრაციის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ელემენტია და უვიზო რეჟიმის შემოღება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება იქნება.
ამასთან, რობერტ ფიცომ ფილმი „რაჭა ჩემი სიყვარული” გაიხსენა, როგორც სლოვაკებისა და ქართველების მეგობრობის სიმბოლო.
მისი თქმით, ბედნიერი იქნება, თუ პოლიტიკოსების ურთიერთობა ფილმის გმირების მეგობრულ ურთიერთობას დაემსგავსება.