დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის დანაშაულებზე ამნისტია იგეგმება. იუსტიციის სამინისტრომ „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებები უკვე მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, ამნისტია მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულებსაც შეეხება.
ცვლილებებით, ამნისტია ეხება: თაღლითობას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ქრთამის აღებას, ქრთამის მიცემას, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღებას, სამსახურებრივ სიყალბეს, სამსახურებრივი გულგრილობას, ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას და ა.შ.
პროექტით, ამნისტია მხოლოდ იმ პირებზე გავრცელდება, რომლებმაც ზემოაღნიშნული დანაშაულები 2009 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს. ცვლილებები ასევე იმ პირებზეც ვრცელდება, რომლებმაც ამ დანაშაულების 2009 წლის 1-ელ იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაცემული ყალბი დოკუმენტები ან დოკუმენტებში არსებული არასწორი მონაცემები „ამნისტიის შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე პერიოდში გამოიყენეს.
მთავრობის წინადადებით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება და ნასამართლობის არმქონედ ითვლება.
„სამოხელეო დანაშაულის ჩამდენი თანამდებობის პირები არ იყვნენ დაინტერესებული სააგენტოს ინფორმირებით, მათ მიერ ჩადენილი ქმედების შესახებ. ეს ბუნებრივია, სააგენტოს მონაცემთა ბაზის სრულყოფაზე პირდაპირპროპორციულად აისახებოდა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ყოფილ ან მოქმედ თანამდებობის პირებსაც ექნებათ მოტივაცია სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია გაყალბებული დოკუმენტების შესახებ, რის შედეგადაც ეს უკანასკნელნი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან, სააგენტოს კი შესაძლებლობა მიეცემა მონაცემთა ბაზებში შესაბამისი შესწორებები შეიტანო და ამ გზითაც სრულყოფილი ბაზების სრულყოფას შეუწყოს ხელი“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2009-2010 წლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ამინისტიის სარგებლობის თაობაზე 19 206 პირმა მიმართა.