ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, მის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ განმარტოს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ვოლსკი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„იმ საკითხზე საუბარი ძალიან არ მსიამოვნებს, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილო. ჩემსა და ჩემი კოლეგების მიმართ რამდენიმე კითხვა დაისვა, როგორ ვაფასებთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს?! პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ საკვირველია, რომ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება, მთელი არასამთავრობო ორგანიზაცია და ყველა პარტია კოალიციის გარდა, ერთ პოზიციაზე დგას და თურმე, ჩვენ ყველას გავეყარეთ და გავემიჯნეთ. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ამ საკითხზე თავისს პოზიციას კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს, რადგან მის პოზიციას უსმენენ“, - დასძინა ვოლსკიმ.
აღნიშნული საკითხის გარდა, ვოლსკიმ სხომაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფარულ ჩანაწერებზე და ამ ფაქტზე უკრაინული მხარის რეაგირებაზე ისაუბრა.
„ჩემს უკრაინელ კოლეგებს მინდა მივმართო. მათ როგორ მოეწონებოდათ, რომ იანუკოვიჩი საქართველოში რომელიმე მაღალ პოზიციაზე რომ იყოს და უკრაინის ტერიტორიაზე, პირდაპირ სისხლისღვრის ორგანიზებას რომ გეგმავდეს, მათი რეაქცია როგორი იქნებოდა?! ამ საკითხზე ჩემს უკრაინელ კოლეგებთან საუბარი ბრიუსელში მქონდა“, - დასძინა ვოლსკიმ.