იუსტიციის მინისტრი გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. თეა წულუკიანმა საქართველოში გენდერული თანასწორობის დაცვის კუთხით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის იდეას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს და ქართული კულტურისთვის ის ორგანულია. თეა წულუკიანმა 1819 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებზეც ისაუბრა, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს; კანდიდატებად დარეგისტრირებული ოცამდე ქალიდან კი დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი.
თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც გენდერული უთანასწორობის სრულად აღმოფხვრისკენაა მიმართული, კერძოდ, ადამიანის უფლებათა სტრატეგიასა და ანტიდისკრიმინაციულ კანონზე. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტ მხარდაჭერასა და წახალისებას საჭიროებს.
საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული თანასწორობისკენ − გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ სასტუმრო „რადისონში“ გაიმართა. ღონისძიება ევროკომისარმა ფრედერიკა მოგერინიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, გაერო-ს განვითარების პროგრამის ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა ჯიჰან სულთანოღლუმ გახსნეს. კონფერენციას ესწრებოდნენ ევროკავშირის ინსტიტუტების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალური პირები, 250-მდე დელეგატი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონის ქვეყნებიდან; სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიური წრეების, გაერო-ს, ეუთო-ს, ევროპის საბჭოსა და „NATO“-ს წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში იგეგმება „თბილისის დეკლარაციის“ მიღება.