იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბელარუსის კადასტრის ეროვნულ სააგენტოსთან ითანამშრომლებს. შესაბამის მემორანდუმს დღეს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და ბელარუსის კადასტრის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ანდრეი ფილიპენკომ მოაწერეს ხელი.
ბელარუსის უძრავი ქონების რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანიზაციასთან მემორანდუმის გაფორმების მიზანი შესაბამის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის შექმნა, უწყებების განვითარება და მხარდაჭერაა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სარეგისტრაციო სისტემისა და მართვის, კადასტრის, სივრცითი მონაცემებისა და ინფრასტრუქტურის, დამისამართების, ელექტრონული არქივებისა თუ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მიმართულებებით აქტიურად ითანამშრომლებენ და ერთმანეთის გამოცდილებას გაიზიარებენ.
მემორანდუმით ასევე გათვალისწინებულია ქართველი და ბელარუსი სპეციალისტების სასწავლო ვიზიტებისა და შეხვედრების ორგანიზება, სემინარების, დისკუსიებისა და კონფერენციების მოწყობა. მემორანდუმი 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს.