ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებული საქმის გამო, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია, 2015 წლის 10 ნოემბრიდან გამოძიების დასრულებამდე, გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„ქალაქ თბილისის პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია, 2015 წლის 10 ნოემბრიდან გამოძიების დასრულებამდე, გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან“, - აცხადებენ შსს-ში.
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ინფორმაციით, იგი 8 ნოემბერს დაახლოებით 2:15 საათზე მივიდა პოლიციის შენობაში არასრულწლოვანი პირის ინტერესების დასაცავად. დაკითხვის პროცესის დაწყებამდე მან გამომძიებელს განუცხადა, რომ არასრულწლოვანი იყენებდა დუმილის უფლებას. პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი ცალკე ოთახში სასაუბროდ გაიყვანეს, რასაც ესწრებოდა ასევე მისი მამა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ადვოკატის მიმართ გამოხატეს აგრესია. იგი შეიყვანეს პოლიციის უფროსის ოთახში და პოლიციის დაახლოებით ხუთმა თანამშრომელმა და მათ შორის პოლიციის უფროსმა, რომლის სახელსა და გვარს ადვოკატი ასახელებს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შემდეგ, შეადგინეს მისი ადმინისტრაციული დაკავების ოქმი და საბოლოოდ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.