პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ერთმანეთს უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი და ნაციონალი პეტრე ცისკარიშვილი დაუპირისპირდნენ.
სხდომაზე, დეპუტატებს შორის ცხარე კამათის მიზეზი „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები გახდა, რომელიც დეპუტატებს ნაციონალმა, გიორგი ვაშაძემ წარუდგინა.
ცისკარიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ შურისძიებით შეპყრობილი არ არის, როგორც „ქართული ოცნება“.
„9 წლის მანძილზე, სახელმწიფოს ვაშენებდით და ჩაბნელებული, ტოტალური ქაოსიდან განათებული ქვეყანა შევქმენით. ჩვენ 500 მილიონიანი ბიუჯეტი დაგვხვდა, თქვენ კი, 10 მილიარდიანი ბიუჯეტი გაქვთ. როცა ბიზნესის განვითარებაზეა საუბარი, ზოგიერთებმა ბოდიში მოიხადონ. კაცი ზის და ლაპარაკობს, ხალხს ხოცავდითო, როცა ადვოკატებს პოლიციის განყოფილებაში ცემით კლავენ და ტელევიზიის მფლობელებს ხოცავენ, რომ ტელევიზია ხელში ჩაიგდონ. ეს ადამიანები გველაპარაკებიან, ხალხს ხოცავდითო. ეკონომიკაზე ის ხალხი გვესაუბრებით, რომლებსაც 1 %-იანი ეკონომიკური ზრდა გაქვთ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ჩრდილელმა მას სოფლის მეურნეობის მინისტრობის პერიოდი გაახსენა.
„ბადაგონი თქვენ არ დაღვარეთ? რომელი სისტემა მუშაობადა, ძალადობრივი? ბიზნესზე იყო ძალადობა და ეს ჩვენზე კარგად იცით. ჩვენ ვხოცავთ ხალხს?“, - მიმართა ცისკარიშვილს ჩრდილელმა.
ცისკარიშვილის განცხადებით, ქვეყანა ფალსიფიკაციამ წალეკა.
„მე მინისტრი ვიყავი, მერე რა არის? რთველს, რომ ვერ ატარებთ, იცით? ზოგიერთები მაღალფარდოვანი სიტყვებით გველაპარაკებიან. ჩვენ გავაჩერეთ ბიზნესი? ჩვენი შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტებით თქვენ სარგებლობთ და პრეტენზიები აქეთ გაქვთ. ეს ცინიზმი კი არა, უსინდისობაა“, - დასძინა ცისკარიშვილმა.
აღნიშნული დეპუტატების კამათში ბიძინა გუჯაბიძე ჩაერთო, რომელმაც განაცხადა, რომ ტოტალიტარული რეჟიმი იმას ნიშნავს, რომ ,,ნახევარ ქვეყანას გაწყვიტავ და წარმატებას მიაღწევ.
სტალინიც ასე შვებოდა“, - დასძნა გუჯაბიძემ, რომელსაც გიორგი ვაშაძემ სტალინის ისტორიის შეხსენება გოგი თოფაძისთვის ურჩია.
რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტი ფინანსური და ეკონომიკური ხასიათის დანაშაულების დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს.