ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ფარულ ჩანაწერებზე იმსჯელეს.
აღნიშნული დისკუსიის შესახებ განცხადებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ავრცელებს.
მისი ცნობით, განხილულ იქნა მოხსენებები თანამშრომლობის პერსპექტივების, უკრაინაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების, ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნების, საგარეო საკითხებთან დაკავშირებით.
ვოლსკის ინფორმაცით, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი დღის წესრიგში არ იდგა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა წამოჭრეს თემა - „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ.
„მათ ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოში მთავრობის წახალისებით ცალკეული „პათოლოგების მიერ ჩადენილი წამების ფაქტების სახალხო ჩვენება“ მოხდა, რამაც მათ მიმართ აგრესია განაპირობა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს. კერძოდ, ითქვა, რომ პრობლემა, რომელიც წამების კადრების გამოქვეყნებამ შექმნა ნაციონალების ოფისების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არ არის და პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ნაჩვენებ დანაშაულებებს, საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი წინა ხელსუფლების მიერ ჩადენილ განგრძობით და სისტემატურ დანაშაულად მიიჩნევს“, - აცხადებს ვოლსკი განცხადებაში.
მისი შეფასებით, რაც შეეხება, „რუსთავი2“-ის თემის დაკავშირებას თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასთან, სხდომაზე აღინიშნა, რომ სერიოზულ განხილვას მოითხოვს თავისუფალი სასამართლოს მიერ საკუთრების უკანონოდ წართმევის უამრავი და ეს კონკრეტული ფაქტი.
„საგანგაშოა აგრეთვე ის გარემოება, რომ გამოქვეყნდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან „ნაციონალირი მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის და „რუსთავი2“-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის საუბრები, რაც აშკარად მიუთითებს სისხლისღვრის დაგეგვმის, დესტაბილიზაციის გეგმებსა და ამ გეგმებში „რუსთავი2“-ის კოლექტივის გამოყენებაზე“, - ნათქვამია ვოლსკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.