,,თუკი ეროვნული ლიდერი, ხმამაღლა ისაუბრებს ქალთა პრობლემებზე, ეს ნამდვილად იქონიებს ზეგავლენას საზოგადოებაზე“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია - "გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში" იმართება.
"ბოლო წლებში ევროკავშირმა 100 მილიონ ევროს ინვესტირება განახორციელა გენდერული თანასწორობის მიმართულებით. ჩვენ ძალიან დიდი მიზნები გვაქვს და ამ გზაზე ხშირად "მაგალითის მიმცემებსაც" კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პრობლემის გადაჭრა მარტივდება, როცა საზოგადოებაში ასეთი "მაგალითი" გვყავს. ზოგს მიაჩნია, რომ ვერ შევცვლით სოციალურ ნორმებს, ვერ შევცვლით იმას, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალზე. მე ასე არ მიმაჩნია. თუკი ეროვნული ლიდერი, საერთაშორისო ლიდერი ხმამაღლა ისაუბრებს ადრეულ ან იძულებით ქორწინებებზე, ის ნამდვილად შეძლებს ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. გოგონას თვითონ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ თავად შეარჩიოს პარტნიორი. ეს არის ფუნდამენტური უფლება. არც ერთმა კულტურამ არ უნდა მოახდინოს ამის იგნორირება", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ. და დასძინა, რომ ევროკავშირი აქტიურად იმუშავებს, უშუალოდ მსხვერპლთა დასახმარებლად, თუმცა, ამავე დროს მნიშვნელოვანია პრევენცია და მესიჯები.