პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს მიმართავს, იქნებ, პროტესტი სხვა გზებით გამოხატონ და არა შიმშილობის აქციით.
როგორც ჟურნალისტებს უსუფაშვილმა განუცხადა, სამწუხაროდ, ქვეყანას შიმშილობის ბევრი ტალღა და მასთან დაკავშირებული ემოციები ახსოვს.
მისი თქმით, ის ამ თემაზე ობიექტური დამკვირვებელი ვერ იქნება.
სპიკერის მოსაზრებით, შუალედური არჩევნების ობიექტური დამკვირვებელები ჟურნალისტები და ის არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებიც ამ არჩევნებს აკვირდებოდნენ.
„თუკი წაგებული მხარე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მას უნდა მოვუსმინოთ და უნდა შევხედოთ, რა არგუმენტებია. ეს საკითხი საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა უნდა განიხილონ, მაგრამ ამასობაში, მე ახლა ვილაპარაკო, რომ არა არ გაყალბდა... რომ ვთვლიდე, არჩევნები გაყალბდა, მაშინ ამას თავად ვიტყოდი. შეიძლება არ მეშიმშილა, მაგრამ სხვანაირად გამომეხატა პოზიცია. დამკვიდრევლები ქვეყანაზე იმიტომ არსებობენ, რომ ასეთ დროს, მათ თავისი აზრი თქვან და ჩვენც მათ უნდა დავუჯეროთ, ვიდრე მეტი ყურადღება გამარჯვებულ-დამარცხებული მხარეების კომენტარებს მივაქციოთ. ზოგადად ვისურვებდი, რომ საქმე ასეთ პროტესტის ფორმებამდე არ მივიდეს ხოლმე, რადგან ეს მარტივი თემა არ არის. სამწუხაროდ, ქვეყანაში შიმშილობის ბევრი ტალღა და ამასთან დაკავშირებული ემოციები გვახსოვს. ვთხოვ კოლეგებს, მათგან ბევრს ძალიან ახლოს ვიცნობ, იქნებ, სხვა გზებითაც მოხერხდეს იმავეს თქმა და არა შიმშილობით, რომლის გამოცდილებაც გვაქვს და აღარ მინდა, რომ ეს გამოცდილება გაგრძელდეს. იქნებ პრობლემები სხვანაირად მოვაგვაროთ“, - დასძინა უსუფაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსი“ შუალედური არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ საგარეჯოში არჩევნები გაყალბდა. პარტიის ლიდერები მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობენ და პოსტებიდან თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელისა და გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის გადაყენებას ითხოვენ.