კომუნიკაციების კომისია რუსთავი 2-ს მაუწყებლობის შესაძლო შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს. კომისია მიმართავს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის მხარეებს, მიიღონ ყველა ზომა, რომ სასამართლო პროცესის არცერთ ეტაპზე კომპანია არ დარჩეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის გარეშე, რათა თავიდან იქნას აცილებული მაუწყებლის საქმიანობის შეწყვეტა. “რუსთავი 2–ის სამაუწყებლო ბადე არ შეცვლილა, მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია და სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ადგილი არ ჰქონია,” - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე წერია, რომ რუსთავი 2–ის მაუწყებლობა შეუფერხებლად ვრცელდება როგორც ღია ეთერით, ისე საკაბელო ქსელებით, თანამგზავრული სისტემებითა და ინტერნეტით.