საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის წილი 21-დან 29 პროცენტამდე გაიზარდა. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების 9 თვის შედეგები მთავრობის ადმინისტრაციაში შეაჯამეს. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის წევრებმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ითქვა, რომ ქართულ მხარეს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს, მათ შორის, მესამე ანგარიშში მოცემული დამატებითი რეკომენდაციებიც. ანგარიშს ქართული მხარე 6 დღეში ბრიუსელში დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე წარადგენს. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისი მზადაა უმასპინძლოს ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში არაფორმალურ მინისტერიალს, რომელიც დედაქალაქში 26 ნოემბერს გაიმართება.