საქართველოში, მომავალი წლის გაზაფხულზე, შესაძლოა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის მიგრაციის, იძულებით გადაადგილებულთა და დევნილთა კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდეს.
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა დააყენა.
კანონმდებელის ცნობით, ის აღნიშნული კომიტეტის წევრია და საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობა აქვს, რომ მომავალ წელს, ამ კომიტეტის გასვლითი სხდომა ქვეყანაში მოიწვიოს.
დეპუტატის ინფორმაციით, დიდი ხნის მანძილზე, ეს პირველი ღონისძიება იქნება, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანამსაბლეა საქართველოში ჩაატარებს.
„კომიტეტის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში კომიტეტის სხდომის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კომიტეტის ყოველ გასვლით სხდომაზე, ჩვეულებრივი დღის წერიგის გარდა, ისეთი საკითხები იხილება, რომელიც მიმღები სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში და დევნილთა რაოდენობიდან გამომდინარე, ევროპის საპარლამენტო ანსამბელის წევრ პარლამენტარებთან ერთად ამ საკითხების განხილვა მნიშვნელოვანი იქნება“, - დასძინა კანონმდებელმა.
ჩიქოვანის განცხადებით, კომიტეტის საქართველოში მოწვევის მიზნით, შესაბამისი მიმართვა პარლამენტმა უნდა გააკეთოს, ღონისძიება კი, ქვეყანაში მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარდება.