9-10 ნოემბერს თბილისს ვიზიტით ეწვევა ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, მარიეტ შურმანი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“.
“ორმოცდაათი წლის წინ, უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 1325, მშვიდობის, უსაფრთხოების, კონფლიქტების პრევენციის, მათი გადაწყვეტისა და მშვიდობის შენარჩუნების სფეროებში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე. აღნიშნული რეზოლუცია ნათელი მაგალითია იმისა, რომ მშვიდობა პირდაპირ კავშირშია ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობასთან. ნატო ამაყობს იმ ფაქტით, რომ პრიორიტეტად დაისახა აღნიშნული რეზოლუციის იმპლემენტაცია, განსაკუთრებით ავღანეთსა და ბალკანეთში. თუმცა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება თვით ნატო-ში თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობას” - აცხადებს მარიეტ შურმანი.
სპეციალური წარმომადგენელი ასევე საუბრობს ნატო-ს მზადყოფნაზე დაარღვიოს ბარიერები და ხელი შეუწყოს ქალთა კანონიერი როლის გაძლიერებას მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში. როგორც მარიეტ შურმანი აღნიშნავს, გასულ წელს, ნატო-მ, 28 მოკავშირესთან, ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოსთან და ექვს გლობალურ პარტნიორთან ერთად განაახლა მისი პოლიტიკა და განავითარა ორწლიანი სამოქმედო გეგმა 1325 რეზოლუციის განხორციელების ხელშეწყობისთვის. საქართველო, ისევე როგორ სხვა ქვეყნები ევროპის სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში, ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ამ საკითხში.
ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ 2016 წლის ვარშავის სამიტის მოახლოებასთან დაკავშირებით, ნატო, ევრო-ატლანტიკურ და გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით, განიხილავს მის სამოქმედო გეგმას როგორც გზამკვლევს ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების იმპლემენტაციის სამომავლო გაუმჯობესებაში.
მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „ გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში “ 250-მდე სტუმარი და 20-მდე მაღალი დონის გამომსვლელი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება იმართება საქართველოს მთავრობის ინიციატივით ევროკავშირსა და გაეროსთან თანამშრომლობით.