პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის დაბერება არ არის საშიშროება, რომელიც ქვეყანამ უნდა აირიდოს.
დაბერების საკითხებთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი მრავალსექტორული ჯგუფის პირველ შეხვედრა დღეს გაიმართა, სადაც ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ხანდაზმულობაზე ზრუნვა საქარველოსათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ერის აქტიური დაბერება მიმდინარეობს, რაც ეკონომიკურ და საბიუჯეტო რესურსებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
„მოსახლეობის დაბერება არ არის საშიშროება, რომელიც უნდა ავირიდოთ. ეს დემოგრაფიული გარდაქმნის გარდაუვალი რეალობაა, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკის დარეგულირება უნდა მოხდეს. ხანდაზმული ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მონაწილეობაზე უნდა ვიზრუნოთ, ისევე როგორც ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა ხუნდაძემ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთი წლის მანძილზე, შემუშავებული იქნება სტრატეგიული მოქმედების გეგმა.