საქართველოს მთავრობის მეთაურმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თემაზეც გააკეთა კომენტარი და განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ვალდებული გახდა დაეწყო შესაბამისი იურიდიული პროცედურები.
“მე მგონი, ეს იყო სააკაშვილის გადაწყვეტილება, მისი არჩევანი, რომ მიეღო უკრაინის მოქალაქეობა, როდესაც გახდა ოდესის გუბერნატორი. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციისა და ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ვალდებული გახდა დაეწყო იურიდიული პროცედურები. რაც შეეხება მის მომავალს და პოლიტიკურ მიზნებს, მე არა მაქვს არანაირი სურვილი, ვიყო მისი ადვოკატი და ვიწინასწარმეტყველო მისი მომავალი, რადგან ამ კაცმა უკვე აირჩია თავისი გზა, თავისი პოლიტიკური მიზნები,”-განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის აზრით, მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის.