შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, სამშვიდობო ძალების არარსებობის მიუხედავად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების გატაცების ხანგძლივობა მინიმუმზეა დაყვანილი.
როგორც ჟურნალისტებს ზაქარეიშვილმა განუცხადა, სამი წლის მანძილზე, ხელისუფლებამ ის მოახერხა, რომ ისეთი გამოწვევები გამოირიცხება, როგორიცაა - ადამიანების დაღუპვა, ესკალაცია, დაძაბულობის შექმნა და დევნილების გამრავლება.
მისი თქმით, ახალი ხელისუფლების პირობებში, არცერთი ახალი დევნილი და დაღუპული ადამიანი არ არის.
„ასევე გამოირიცხა ახალი სოფლებისა და ქალაქების დაკარგვა. პრაქტიკულად, სამი წლის მანძილზე, ჩვენმა ხელისუფლებამ ის მოახერხა, რაც წინა ხელისუფლებებმა ვერ მოახერხეს. სხვა გამოწვევებიც დაგვრჩა, რომელთა შორისაა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანების გატაცება. ეს ადამიანები იქ თვეები აღარ რჩებიან და ამაში სატრაბახო არაფერი, მაგრამ სამშვიდობო ძალების არარსებობის მიუხედავად, გატაცებების ხანგძლივობა მინიმუმზე დავიყვანეთ. ადამიანები უკან რამდენიმე დღეში გამოგვყავს და შსს ძალიან კარგად მუშაობს. რომ შეგპირდეთ, როდესმე გატაცებებს გამოვრიცხავთ-თქო, ეს მანამდე არ მოხდება, სანამ კონფლიქტი არ მოგვარდება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
პაატა ზაქარეიშვილი ამ წუთებში, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე მოხსენებით გამოდის.