ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით მეტი ყურადღება გამოიჩინოს.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, სააკაშვილი დესტრუქციული პროცესების შექმნის დიდი ოსტატია და მან შეიძლება, როგორც ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში, ასევე უკრაინაში საკმაოდ მძიმე და რთული ვითარება შექმნას.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეაგირებისთვის უკრაინის ხელისუფლებას წერილით მიმართა, რომელიც ქართული მხარის მხრიდან დემარში არ არის.
„სააკაშვილთან მიმართებაში, უკრაინის ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. ჩვენს მიერ მომზადებული წერილი საქმიანია, რომელიც ერთის მხრივ, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების განვითარების ერთ მნიშვნელოვან ნაწილს ითვალისწინებს და მეორეს მხრივ კი, უკრაინის უსაფრთხოებას, რადგან სააკაშვილის საუბრები და აქტივობა რამდენიმე ასპექტს მოიცავს. მას ურთიერთობების ჩაგდება რამდენიმე მნიშვნელობით შეუძლია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკი უკრაინაში განვითარებულ პროცესებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ სააკაშვილი პოროშენკოს კანდიდატს დაუპირისპირდა, მისი კანდიდატი კი, თავის დროზე, ეკონომიკის სამინისტროდან საეჭვო წარსულის გამო გააგდეს.
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში აქტივობასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებს საქართველოში ნოტა გადასცა.