პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ვიზიტი მომავალ თანამშრომლობას დამატებით პოზიტიურ იმპულსს მისცემს.
ქართველმა დეპუტატებმა სომხეთის პრეზიდენტს დღეს, პარლამენტში უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე გაამახვილეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს უსუფაშვილმა განუცხადა, ჩვეულებრივი მოვლენა არ არის, როდესაც ქვეყანას პრეზიდენტები სტუმრობენ.
მისი თქმით, შეხვედრები განპირობებულია იმით, რომ ქვეყნებს გაცილებით უფრო ინტენსიური ურთიერთობა და თანამშრომლობა სჭირდებათ.
„შევთანხმდით, რომ პარლამენტები კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. მოხარული ვარ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა აღმავლობისკენ მიდის. არის საკითხები, რომლებშიც ჩვენი სტრატეგიული ხედვები განსხვავებულია, მაგრამ ამ განსხვავებული ხედვების პირობებში ორმხრივი ურთიერთობების ძალიან ურთიერთხელსაყრელად წარმართვას ვახერხებთ. ჩვენ რეგიონში არსებული ვითარება უნდა გავითვალისწინოთ და ერთმანეთს ხელი არ უნდა შევუშალოთ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გამყარდება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
თავის მხრივ, სერჟ სარქისიანის აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის მეგობრობას ისტორიული საფუძველი გააჩნიათ, რაც მათ საშუალებას აძლევს, ყველა საკითხი ღიად და გულახდილად განიხილონ.
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოში მისი 2014 წლის ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და სომხეთს განსხვავებული საგარეო პოლიტიკური მიმართულებები გააჩნიათ, ამან ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
მისივე შეფასებით, ქვეყნებმა ამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს და დღეს საქართველო-სომხეთის ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცე და ძლიერია, ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ იყო.