საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სიმშვიდის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ხაზი ახლა რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე გადის. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველა განცხადება, რომელიც სიმშვიდისკენ მოუწოდებს ადამიანებს, არის მისასალმებელი და პრემიერმა ამის საუკეთესო მაგალითი მისცა ყველას.
"პრეზიდენტის განცხადება ჯერ არ მინახავს და, როგორც თქვენ ამბობთ, თუ ასეთი იყო საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაც, რა თქმა უნდა ეს მისასალმებელია. მისასალმებელია ისიც, თუკი მოხდა იმის აღიარება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ვლაპარაკობთ, რადგან ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემაა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ამ წუთას, არის მხოლოდ ის, რომ სიმშვიდისკენ მოწოდებები არის უმნიშვნელოვანესი", - განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებსაც ძალიან ბევრი აქვთ ამ მიმართულებით გასაკეთებელი, რადგან ამ სიმშვიდის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ხაზი ახლა მათზე გადის.