საქართველოს დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგისიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია.
სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე, ვიცეპრემიერი კახა კალაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე.
ვიზიტის ფარგლებში შედგება საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და სერჟ სარგისიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დღესვე სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს საქართველოს პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც გამართავს.
დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შედგება ვახშამი სომხეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის პატივსაცემად.
სერჟ სარგისიანი სომხურ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ხვალ დატოვებს.