"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არ იქნებოდა, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა კითხვისთვის პასუხი რომ გაეცა და დამნაშავეები დაესაჯა. ცაგარეიშვილის აზრით, სწორედ ამ ფონზე იწვევს საზოგადოებაში დაპირისპირებას სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები.
"ეს ყველაფერი არ იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას 2012 წლის 1-ელ ოქტომბერის შემდეგ ყველა კითხვაზე პასუხი რომ გაეცა. ეს ყველაფარი არ იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას სადეპუტატო მანდატებს ამოფარებული ზოგიერთი ავაზაკი რომ მიებრძანებინა იქ, სადაც მათი ადგილია. ეს არ იქნებოდა ყველა დამნაშავისათვის თავის დროზე პასუხი რომ მოგვეთხოვა, რომელმაც 7 ნოემბრის აქცია დაარბია, რომელმაც 26 მაისი მოახდინა, რომელმაც უამრავი ადამიანი ცემა და აწამა, რომელმაც ცემა ჩვენი კოლეგა კობა დავითაშვილი და ეს საქმე დღემდე გახსნილი არ არის, რომელმაც ჩემი მეგობარი და ჩვენი კოლეგა ზურაბ აბაშიძე ცემა და არც ეს საქმეა დღემდე გახსნილი. არ არის გახსნილი საქმე, როცა ხალხი დახოცეს და მაღაზიის თავზე შემოაწყვეს. აი ეს ყველაფერი ბოლომდე რომ მიგეყვანათ, ყველა კითხვას პასუხი გაეცემოდა და არ იქნებოდა ის, რაც ხდება. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ვერ გავაკეთეთ", - განაცხადა ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.