შრომის ბაზარზე თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და გადამზადების აუცილებლობა გამოვლინდა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასაქმების რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, პირველად შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევა განხორციელდა.
„ჩვენ გამოვიკვლიეთ შრომის ბაზარზე დამსაქმებელთა განწყობები; გამოვლინდა თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და გადამზადების აუცილებლობა; მოხდა სამუშაო ადგილების შექმნაზე გავლენის მქონე ფაქტორების იდენტიფიცირება; გამოვლინდა კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში დასაქმების შესაძლებლობები. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ განათლებას, რადგან კარგად გვესმის, რომ განათლების მიმართულებით მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების გარეშე, ვერ შევძლებთ ვერც სამუშაო ადგილების შექმნას, ვერც ეკონომიკის განვითარებას. ამავე დროს, ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ განათლების მიმართულებით. ჩვენი მთავარი მოტივაციაა, გვყავდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვალიფიციური კადრები, განათლებული თაობა, რომლებიც დააკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს და იქნებიან კონკურენტუნარიანი თანამედროვე მსოფლიოში”, - განაცხადა პრემიერმა და იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციაზე, მსჯელობის შედეგად, ჩამოყალიბდება საერთო მიდგომა სამუშაო ადგილების შექმნის პოლიტიკასთან დაკავშირებით.