გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ინიციატივით, საგარეო საქმეთა ფედერალური უწყების მიერ ორგანიზებულ 3 დღიან სემინარზე სტუმრად მყოფ ქართულ დელეგაციის წევრებს.
აღნიშნული სემინარის მიზანია ქართული მხარის ინფორმირება და გამოცდილების გაზიარება გერმანიაში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ბიზნესის წარმოებასა და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით.
ქართული მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ექსპორტის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვადასხვა კერძო კომპანიის წარმომადგენლები.
საგულისხმოა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ინიციატივა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებით, გააჟღერა 2014 წლის მიწურულს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.
26-28 ოქტომბერს დაგეგმილი სემინარის ორგანიზატორები არიან გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო და გერმანული მარკეტინგული სააგენტო „Deutschland- Land der Ideen”.