იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე ხელმძღვანელობდა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრები; კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნული სხდომა ბოლოა, რომელიც 31 ოქტომბერს დანიშნულ შუალედურ არჩევნებამდე ტარდება, თუმცა, ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, კომისია აგრძელებს მუშაობას.
„კომისია აგრძელებს მუშაობას. არჩევნების დღეს უწყებათაშორისი კომისიის ყველა წევრი იქნება მობილიზებული, თუ საჩივრები და განცხადებები შემოვა. დღეს ჩვენ შევაჯამეთ თითოეული კანდიდატისა და წარმომადგენლის მხრიდან შემოსული განცხადება თუ პრეტენზია. ამასთან მიმართებით განმცხადებლებმა თავადაც აღნიშნეს, რომ ყველა შემოსულ პრეტენზიაზე უწყებათაშორის კომისიას ჰქონდა რეაგირება. კომისიის წევრებმაც და კანდიდატებმაც განაცხადეს, რომ სამუშაოები აბსოლუტურად ობიექტურად და მიუკერძოებლად იქნა შესრულებული“, − აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.
მინისტრის მოადგილემ კომისიის მუშაობაში ჩართულ უწყებებს მადლობა გადაუხადა.
პირველი სხდომა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ 15 სექტემბერს გამართა. ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 1 სექტემბრის ბრძანებით შეიქმნა. მისი მიზანი 2015 წლის საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებაა, რაც შუალედური არჩევნებისთვის ხელს შეუწყობს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას.