,,რაც იყო ჩვენი დაპირება, მილიარდი ლარის ჩადება სოფლის მეურნეობაში, ეს არის შესრულებული”, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მიმართულებაა.
"თუ სოფელი არ დავაყენეთ ფეხზე, თუ რეგიონებს არ მივეცით განვითარების საშუალება, ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი. ის, რაც იყო ჩვენი დაპირება, მილიარდი ლარის ჩადება სოფლის მეურნეობაში, ეს არის შესრულებული. დღეის მდგომარებით, სხვადასხვა რეგიონში უკვე დაფინანსებულია 136 ახალი საწარმო. გარდა ამისა, ჩვენ 3 წელია აბსოლუტურად უფასოდ ვუმუშავებთ მოსახლეობას მიწას. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, მე პირადად მაქვს ნანახი ძალიან ბევრი სავარგული, რომელიც დაამუშავა მთავრობამ, მაგრამ ოჯახებმა აღარ მოუარეს, აღარ დათესეს. ჩვენ ამას უნდა გადავხედოთ, იმიტომ, რომ მხოლოდ მთავრობა ვერ გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს", - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერმა მაგალითად კახეთი მოიყვანა და განმარტა, რომ მხოლოდ 3 წლის განმავლობაში, რთველის შედეგად კახეთის რეგიონში 300 მილიონი ლარი შევიდა. "ეს თანხა წავიდა ოჯახებში. გაძლიერდა ქართული სოფელი. მარტო მთავრობის დაფინანსებით, 20 ახალი ღვინის ქარხანა გაიხსნა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.