ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა ვიდეოკამერების მონტაჟი დაიწყეს.
ტელეკომპანიის ტერიტორიის განსაკუთრებული დაცვის შესახებ განცხადება, შსს-მ გუშინ გააკეთა.
შეგახსენებთ, შსს-ს ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
„შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს განსაკუთრებულ ზომებს. კერძოდ: ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო მეთვალყურეობის კამერები დამონტაჟდება, რომელთა საშუალებითაც მთელი პერიმეტრის ოცდაოთხსაათიანი მონიტორინგი მოხდება. ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიაზე საპატრულო ეკიპაჟები დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ, რათა უზრუნველვყოთ მოქალაქეების და, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი პროვოკაციები“ - აცხადებენ შსს-ში.