პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ დესტაბილიზაციას ქვეყანაში. გუშინ, მარტვილში სტუმრობისას მან ასევე განაცხადა, რომ ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით იქნება განადგურებული.
"არსახსენებლებს" ვეძახი წინა მთავრობის წარმომადგენლებს და სააკაშვილს, რომელიც არის სახე იმ ნიღბიანი ჯალათის, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა. პირდაპირ ხდება მოწოდება, რომ ეს ხელისუფლება უნდა დაამხონ, ასე უნდა გავაკეთოთ და ისე უნდა გავაკეთოთო. მე მათ ვპირდები და გპირდებით თქვენ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ დესტაბილიზაციას. ჩვენ ვართ დღეს იმაზე უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე ვიყავით 3 წლის წინ. ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით იქნება განადგურებული. ჩვენ მათ, ვინც ხალხს დაურღვევს მშვიდობას და სტაბილურობას, რა თქმა უნდა, გავუშვებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში. ამ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში აღარ იქნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მარტვილში, შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო დანელია წარადგინა.