,,ყველა მედიასაშუალება მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული და მიყვება ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გუშინ მარტვილში განაცხადა. მისივე თქმით, მინისტრებმა თავად უნდა იარონ რეგიონებში და რეალური ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას.
,,არ არსებობს ალტერნატიული წყარო, რომელიც სიმართლეს გეტყვით. ამიტომ ვეუბნები მინისტრებს, რომ უნდა ვიაროთ რეგიონებში და უნდა გითხრათ სიმართლე, ღიად მივიღოთ თქვენგან კრიტიკაც, მოვისმინოთ პრობლემებიც. ყველგან ასეა - ევროპაში, ამერიკაში არსებობს დაბალანსებული, ინფორმაციის მიღების ორი ალტერნატიული წყარო – ერთი შეიძლება იყოს ხელისუფლების საწინააღმდეგო, მაგრამ მეორე დამაბალანსებელია. ჩვენთან აბსოლუტურად უკუღმაა ყველაფერი. ყველა მედიასაშუალება მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული და მიყვება ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან აქვე იმედი გამოთქვა, რომ დროთა განმავლობაში ქართული მედიის მუშაობის ხარისხი დაიხვეწება და ის აქცენტს არა ნეგატივზე, არამედ ქვეყანაში არსებულ პროგრესსა და პოზიტივზე გააკეთებს.
,,მჯერა, რომ მათი მუშაობის ხარისხი დაიხვეწება და ყველა გაიგებს, რომ ხალხს აინტერესებს პოზიტივი, პროგრესი რომელიც ქვეყანაში ხდება და არა ნეგატივი, ჩხუბი, ავტოავარია და ა.შ. თუ ჩვენ ერთმანეთს არ ჩავუსახეთ რწმენა, უკეთესი მომავლის იმედი, ასე ვერ გავუძლებთ – ვერც ერთი მთავრობა ვერ გაუძლებს, ვერც ერთი ხალხი ვერ გაუძლებს. ეს უნდა შეიცვალოს და მე მჯერა, რომ ჩვენ ამას დროთა განმავლობაში მივაღწევთ - მიუკერძოებელი გახდებიან მედიასაშუალებები. როცა ჩვენ რაღაცას ვაშავებთ, რა თქმა უნდა, უნდა გვითხრან, უნდა გააშუქონ პრობლემები, მაგრამ როცა მთავრობა მნიშვნელოვან რაღაც აკეთებს ხალხისთვის ბევრი მიმართულებით, კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა და მიგვატანინონ სათქმელი ხალხამდე", - დასძინა პრემიერმა.