საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი , ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან და არხის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. თეა წულუკიანი "რუსთავი 2"-ის დახურვაზე საუბარს პროვოკაციას უწოდებს.იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მიმდინარეობს დავა მფლობელთან დაკავშირებით, რაც მისი განცხადებით, სამართლებრივი პროცესია. წულუკიანისთვი გაუგებარია ის აჟიოტაჟი, მისი განცხადებით, ზოგჯერ პანიკაც კი, რაც ამ დავის გარშემო არსებობს.
„მე მგონი ამ ქვეყანაში არავის მიზანი არ არის "რუსთავი 2"-ის დახურვა. პირიქით, ჩვენი მიზანია, რომ "რუსთავი 2" იყოს ძლიერი ტელემაუწყებლობა და იყოს კიდევ უფრო კარგი მაუწყებლობა, ვიდრე დღეს არის, მიუხედევად იმისა, რომ ის ისედაც ძლიერი ტელეკომპანიაა. აქედან გამომდინარე, დახურვაზე საუბარი არის წმინდა წყლის სპეკულაცია. მოსამართლეს უნდა დავაცადოთ მიიღოს მშვიდ გარემოში გადაწყვეტილება, იმისათვის, რომ "რუსთავი 2"-მა არა მხოლოდ გააგრძელოს მაუწყებლობა, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდეს და მის ჟურნალისტებს ქონდეთ მაგალითად, უფრო მეტი ანაზღაურება, ვიდრე დღეს აქვთ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.