ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს „ახალმა მემარჯვენეებმა“.
„ახალმა მემარჯვენეების“ განცხადებას უცვლელად გვათაზობთ:
"ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან მედია საშუალებებზე კონტროლის განხორციელების მცდელობას, პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის და სისასტიკის ამსახველი კადრების ტირაჟირებას მოჰყვა სიტუაციის დაძაბვა, რის შედეგადაც მასობრივი ხასიათი მიიღო შენობა-ნაგებობების დარბევამ, მკვეთრად გამოხატულმა აგრესიამ და ურთიერთშეურაცხყოფამ. ამ ყველაფრის შედეგად მოხდა პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და დაძაბულობის ესკალაცია, რამაც საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მშვიდობას." – განაცხადა ახალი მემარჯვენეების გენერალურმა მდივანმა მამუკა კაციტაძემ, პარტიის ოფისში ჩატარებულ ბრიფინგზე.
"სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში საგანგაშოდ გამოიყურება ხელისუფლების უმოქმედობა და უსუსურობა საზოგადოებრივი წესრიგის და არეულობის ფაქტების აღკვეთის მიმართ. მეტიც, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ხელისუფლება არათუ ცდილობს ამ ქმედებების აღკვეთას, არამედ ეს ყველაფერი ორგანიზებულია სწორედ მის მიერ. კიდევ უფრო შემაშფოთებელია პრემიერ-მინისტრის, ჩვენი აზრით, სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება, რომელმაც სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად კიდევ უფრო წააქეზა და წაახალისა წესრიგის დამრღვევები.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ ხელი დაიბანა პატიმართა მიმართ ჩადენილი სისასტიკის და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების დამკვეთების და შემსრულებლების გამოვლენასა და დასჯაზე და ნებსით თუ უნებლიეთ უბიძგა მოქალაქეთა ცალკეულ ჯგუფებს ე.წ. ლინჩის წესით ანგარიშსწორების დამკვიდრებისაკენ
მიგვაჩნია, რომ ყოველივე ეს ცუდად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე და შესაბამისად, ჩვენს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივაზე და სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შემოღებას საქართველოსთვის, რაც მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გადაწყდეს.
ამ ყველაფერზე, ცხადია პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების წინ ძალაუფლების დაკარგვის შიშით ვერ სძლია ცდუნებას და საკუთარი მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების თვალში ვერ მოახერხა ეჭქვეშ არ დაეყენებინა ქვეყანაში სასამართლო სისტემისა და მედიის თავისუფლება.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამჯერად მაინც უზრუნველყოს საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება და სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში, რისთვისაც აუცილებელია: დამნაშავეთა კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა; მედიის თავისუფლების პრინციპების და სხვა დემოკრატიული ღირებულებების უპირობო დაცვა.
ჩვენ, "ახალი მემარჯვენეები" მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, მთელს საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდობას, გამოვიჩინოთ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებას; არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება საფრთხის ქვეშ დადგეს.
ყოველივე ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანწილად განაპირობებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, თავისუფალ, კონკურენტუნარიან და სამართლიან გარემოში.”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.