ოპოზიციონერი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მოუწოდებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორ ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებული შანტაჟით დაინტერესდეს.
როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კუბლაშვილმა განაცხადა, გვარამიამ შანტაჟთან დაკავშრებით განცხადება გააკეთა, რომელიც თავისი შინაარსით ძალიან მძიმეა და რომელზეც არასათანადო რეაგირება, შესაძლოა ქვეყნისთვის დამღუპველი იყოს.
„ასეთ შემთხვევაში, სპეცსამსახურებს, ან იმ პირებს ვინც მსგავს ინფორმაციას ფლობს, საშუალება ექნებათ თითოეული მოქალაქე აშანტაჟონ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე დროულად იყოს პასუხი გაცემული. მინდა, რომ კომიტეტმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ჩამოაყალიბოს“,- განაცხადა კუბლაშვილმა.
თავის მხრივ, კუბლაშვილს კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე დაეთანხმა და განაცხადა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი.
„საქმე მართლაც არ არის იმაში, ეს საკითხი ვის ეხება. ვფიქრობ, რომ პროკურატურამ ამ საკითხის გამოკვლევა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. ყველანაირად შევეცდებით, რომ საკითხს თვალყური ვადევნოთ და სრული ინფორმაცია გვქონდეს, რა ხდება“, - განაცხადა ხმალაძემ.