აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მარკ ტონერის განცხადებით, ამერიკის საგარეო უწყება შეშფოთებულია ნებისმიერი ნაბიჯით, რომელმაც შესაძლოა საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის დახურვა გამოიწვიოს. ტონერმა ეს განცხადება "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში გააკეთა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები "რუსთავი 2-თან" დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესზე კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა, დასძინა, რომ "ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის დახურვა ან პოტენციური დახურვისკენ გადადგმული ნაბიჯები საქართველოში მედია სივრცეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს და ეს შეშფოთების მიზეზია- "სერიოზულად განვიხილავთ ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც მედია პლურალიზმს საფრთხეს უქმნის," -აცხადებს ტონერი. მისი განმარტებით, ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი უკვე ესაუბრა როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.
"მარკ ტონერმა დადებითად შეაფასა პრეზიდენტ მარგველაშვილის მოწოდება ვითარების მშვიდად განხილვისკენ და დასძინა, რომ ხშირად, შეერთებული შტატების მთავრობა ქებით იხსენიებს საქართველოში არსებულ მედია გარემოს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, ზოგადად, დადებითად აფასებს, რეგიონის ქვეყნებისთვის კი საქართველო აშშ-ს დემოკრატიის მაგალითად მოჰყავს", - აღნიშნა მან.
ტონერის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტს მიაჩნია, რომ "დემოკრატიული მთავრობის პრიორიტეტი საკუთარი მოქალაქეების თავისუფლების დაცვა უნდა იყოს, რაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაზე ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული."