"რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა, შესაძლოა, პროკურატურას დაზარალებულად ცნობის თაობაზე მიმართოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას ადვოკატმა, ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.
"ბატონ ნიკასთან ერთად შევთანხმდებით, ალბათ, პროკურატურას მივმართავთ დაზარალებულად ცნობის თაობაზე და მოგვეცემა საშუალება გავეცნოთ საქმის მასალებს, რა მასალებს მოიპოვებს პროკურატურა", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისი ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია.
,,საგამოძიებო ორგანომ ჩაიწერა ყველა ის მონაცემი და ყველა ის შესაძლო პირი, ვინც შესაძლოა დაიკითხოს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ბატონმა ნიკამ უარი განაცხადა და მიუთითა უნდობლობის საკითხი ხელისუფლების მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენებაზე როგორც თავისთვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისთვის", - განაცხადა ადვოკატმა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებასა და ნიკა გვარამიას შუამავალი ალექსი ახვლედიანი იყო.