საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მანანა კობახიძის ხელმძღვანელობით, შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU), რიგით 133-ე გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მერაბ კაჭახიძე და პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე.
საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური ასამბლეა 18 სექტემბერს გაიხსნა და მთავარი თემა მიგრაციის საკითხი იყო. ფორუმის მონაწილეებმა სამართლიანი და ჰუმანური მიგრაციისთვის მორალური და ეკონომიკური მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
წელს საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეას 135 ქვეყნის დელეგაცია ესწრება. მათ შორის 47 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, 48 ქვეყნის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და სხვადასხვა ქვეყნის 700-ზე მეტი დეპუტატი. ასამბლეაზე თემების აქტუალობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი დებატები გაიმართა.
ქართულმა დელეგაციამ, ვიზიტის ფარგლებში, ორი ორმხრივი ოფიციალური შეხვედრა - დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციებთან გამართა. საუბრის ძირითადი თემები საქართველოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა იყო. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ყურადღება გამახვილდა იმ ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველოც დგას. დელეგაციის წევრებმა თავის კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პროექტების შესახებ. შეხვედრებზე საუბარი იყო თბილისში გამართულ ,,აბრეშუმის გზის“ ფორუმის თაობაზე და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ. ქართული დელეგაციი წევრებმა აღნიშნეს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაწყებულ მოლაპარაკებები მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში, ხოლო ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება საქართველოს საშუალებას აძლევს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყანას, უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს.
ორივე შეხვედრაზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ინვესტიციების თემას. ქართული დელეგაციის წევრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს სახელმწიფოს დაინტერესება ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, ხოლო მოწესრიგებული საგადასახადო სისტემა საქართველოს მიმზიდველს ხდის უცხოელი პარტნიორებისთვის და სერიოზული ინვესტიციების განხორციელებისთვის.
შეხვედრებზე, რომლებიც დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა, ასევე საუბარი იყო იმ მნიშვნელოვან მიმდინარე რეფორმებზე, რომელსაც საქართველო დღეს ატარებს. მათ შორის ხაზი გაესვა სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებს. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ დღეს საქართველოს პრიორიტეტი ადამიანი და ადამიანის უფლებების დაცვაა. შეხვედრაზე ასევე შეეხნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და მიმდინარე ანექსიას რუსეთის მხრიდან. საუბარი იყო მედიის თავისუფლების ხარისხზე და აღინიშნა, რომ დღეს, როგორც არასდროს, ქართული მედია საშუალებები არიან აბსოლუტურად თავისუფლები, არ განიცდიან ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან და დღეს საქართველოში თავისუფალ სიტყვას არავინ ებრძვის.
დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრებს საპარლამენტო დელეგაციის გარდა ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, შალვა ცისკარაშვილი ესწრებოდა.
ასამბლეის ფარგლებში ასევე გაიმართა პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის შეხვედრები, რომლის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ზურაბ მარაქველიძემ მიიღო მონაწილეობა
ოფიციალური შეხვედრების პარალელურად ქართული დელეგაცია არაფორმალურ გარემოში უკრაინულ დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და რუსულ აგრესიაზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინელ კოლეგებს მხარდაჭერა და წუხილი გამოთქვა შექმნილ ვითარების გამო.
საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU), რიგით 133-ე გენერალური ასამბლეა მუშაობას 21 ოქტომბერს დაასრულებს.