საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა, ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო ბენდმა და თურქეთის შეიარაღებული ძალების ჰარმონიულმა ორკესტრმა თბილისელებს „თბილისობა“ევროპის მოედნიდან ერთობლივი კონცერტით მიულოცეს. სამხედრო ორკესტრების კონცერტი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ერთობლივი შესრულებით გაიხსნა.
კონცერტი მარშირებით გაგრძელდა, რომელიც მუსიკალური კომპოზიციებით გაფორმდა. წარმოდგენის დროს სამი ქვეყნის სამხედრო ორკესტრებმა აუდიტორიას თანამედროვე მუსიკის სხვადასხვა შედევრები შესთავაზეს.
საჩვენებელ მუსიკალურ წარმოდგენას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, აშშ-ს ელჩი იან კელი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე დაესწრნენ.
ერთობლივი კონცერტის მიზანი ქართველ, ამერიკელ და თურქ ხალხთა შორის კულტურათა დიალოგის პროცესის გაძლიერება და ორ ქვეყანას შორის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობაა.
ევროპის მოედანზე კონცერტს თბილისის მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობაც დაესწრო.
აშშ-სა და თურქეთის სამხედრო ორკესტრები საქართველოში თავდაცვის სამინისტროს მოწვევით ჩამოვიდნენ. გორის და თბილისის შემდეგ, ხვალ, სამი ქვეყნის ბენდები ერთობლივ კონცერტს ყვარელის მოსახლეობისთვისაც გამართავენ.