16-ი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მთვარობის კანცელარიასთან აქცია “არა გაზპრომს” გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მთავრობის მხრიდან „გაზპრომთან“ საიდუმლო შეხვედრები და მოლაპარაკებები გააპროტესტესტეს. არასამთავრობოთა განცხადებით, საქართველო არის რუსეთის ჰიბრიდული ომის წინა ხაზზე, გაზპრომთან ურთიერთობა კი ქვეყანას ენერგო დამოუკიდებლობას დააკარგვინებს. აქციაში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მონაწილეობენ.
"პირველი - გაზის რუსეთიდან შემოტანა ნიშნავს ჩვენ პოლიტიკურ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ, რაც პრინციპულად დაუშვებელია; მეორე - ასევე დაუშვებელია საიდუმლო გზით ამ მოლაპარაკებების წარმოება და ამ პროცესში გაუმჭვირვალობა. ჩვენ მხოლოდ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებიდან ვიგებთ ამის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოსგან დამალულად მართავს მოლაპარაკებებს. მესამე - უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან აზერბაიჯანთან ურთიერთობას ვიფუჭებთ, რომელიც საქართველოში გაზის სტაბილური მომწოდებელია. ეს არის პროტესტი მთავრობის მიმართ, ეს საკითხები ჩვენთვის პრიორიტეტულია", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანათავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ.
აქციის მონაწილოეებიც განცხადებით, ვერანაირი დაშინების პოლიტიკა ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. ეს არის გზავნილი რუსეთის მიმართაც, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება არ დაუშვებს რუსეთის აქტიურ გაძლიერებას საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები