საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მხარეს ძალიან ბევრი ფაქტი უკვე გამოძიებული აქვს და ყველაფერი გადაეცემა ჰააგის პროკურორს.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ქართულ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეღწევის საშუალება არ აქვს და იმედოვნებს, რომ ჰააგის სასამართლოს ექნება ამის საშუალება.
რაც შეეხება გამოძიების პროცესში რუსული როლის გამოკვეთის პერსპექტივას, მინისტრი ამბობს, რომ ფაქტის ორმაგი ინტერპრეტაცია არ არსებობს, რადგან მოხდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
,,არ მგონია იყოს რომელიმე ორგანიზაცია, რომელიც ამ ფაქტის ინტერპრეტაციას შეეცდება. ჩვენ გვაქვს ფაქტი, დღეს გვყავს იძულებით გადაადგილებული პირები, საქართველო ვერ ახორციელებს თავის იურისდიქციას, გვაქვს ახალი სამხედრო ბაზები, როგორ შეიძლება ამის ინტერპრეტაცია?" - განაცხადა კვირიკაშვილმა.